ადოლფ დასლერი, 1900 წლის 3 ნოემბერს, პატარა ბავარიულ ქალაქ
გერცოგენაურახში დაიბადა. ადის (როგორც მას ოჯახში ეძახდნენ) დედა
მრეცხავი იყო, ხოლო მამა მცხობელი. როდესაც მას 14 წელი შეუსრულდა,
გერმანიამ პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, მაგრამ მცირე ასაკის გამო ომში არ
წაუყვანიათ. პატარა ადის მისწრაფება ფეხბურთი იყო, რომელიც იმ პერიოდში
ყველაზე პოპულარული თამაში ხდებოდა ევროპაში.
1918 წელს ომი გერმანიის მარცხით დასრულდა. ქვეყანაში განუკითხაობა და
ინფლაცია ბატონობდა, ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცები უმუშევართა არმიას
ავსებდნენ. დასლერების ოჯახს რთული პერიოდი დაუდგა. 1920 წელს ოჯახურ
თათბირზე მათ გადაწყვიტეს ოჯახური ბიზნესი, კერძოდ, ფეხსაცმლის წარმოება
დაეწყოთ,.
იდეის განსახორციელებლად ფული რომ ეშოვათ, დასლერებმა სამრეცხაო გაყიდეს.
პატარა ადიმ კი, თავისი ველოსიპედი საკერავ მანქანაში გადაცვალა. დედა და
დები ტყავს ამუშავებდნენ, ძმა რუდოლფი (რუდი) და მამა, ფეხსაცმელს
კერავდნენ, ადი კი, წარმოების ორგანიზებას და ახალი მოდელების შემუშავებას
ახორციელებდა. დასლერების ოჯახის პირველი პროდუქცია ღამის ჩუსტები იყო. 4
წლის შემდეგ, 20 დაქირავებული თანამშრომელი და ოჯახის წევრები ერთობლივი
ძალებით დღეში 50 წყვილს ფეხსაცმელს აწარმოებდნენ. 1924 წელს, მათ
კომპანია ‘‘ძმები დასლერების ფეხსაცმელების ფაბრიკა‘‘ დააარსეს. ძმებს
ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათები ჰქონდათ და იდეალურად
ავსებდნენ ერთმანეთს. თუ ადი შემოქმედებითი ინტელექტუალი იყო და ფეხბურთს
თამაშობდა, რუდის ყველაფერს ბოქსი, ჯაზი და სექსი ერჩივნა.
1925 წლისთვის კომპანიის საქმეები იმდენად კარგად წავიდა, რომ ადიმ თავს
ფანტაზიორობის უფლება მისცა. ფეხბურთის თავგადაკლულმა გულშემატკივარმა,
მოიფიქრა და შეკერა შიპებიანი ფეხსაცმელი. ასე დაიბადა ბუცი. ამ
გამოგონებამ გაამართლა და დასლერების წარმოების ძირიდათი პროდუქციად იქცა.
პირველად დასლერების კომპანიის სპორტული ფეხსაცმელი 1928 წლის ამსტერდამის
ოლიმპიადაზე გამოჩნდა. 1936 წელს, შავკანიანმა ამერიკელმა ძალოსანმა ჯესი
ოუენმა, დასლერების შეკერილი სპორტული ფეხსაცმლით, ოთხი ოქროს მედალი
მოიპოვა და ხუთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ადის მარკეტინგული წარმატებები სახეზე იყო. ბერლინის ოლიმპიადაზე ძმები
დასლერების ფეხსაცმლის ფაბრიკამ 400 000 გერმანული მარკის ღირებულების
პროდუქცია გაყიდა. 1938 წელს მათ მეორე ფაბრიკა გახსნეს გერცოგენაურახეში.
1939 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ძმები დასლერები ნაცისტური
პარტიის წევრები იყვნენ. ამიტომ მათ ქარხნებს ნაცისტებმა კონფისკაცია
გაუკეთეს და ძმები ომში გაგზავნეს. გერმანელებს დასლერების ქარხნებში
ხელის ყუმბარების წარმოება უნდოდათ, მაგრამ დანადგარები არ გამოადგათ, ადი
უკან გამოიძახეს და გერმანელი ჯარისკაცებისთვის სპორტული ფეხსაცმლის
წარმოება დაავალეს.
1945 წელს, გერმანიის ომში დამარცხებამ დასლერების ბიზნესსაც დაასვა დაღი.
გერცოგენაურახი ამერიკის ოკუპაციის ზონაში მოხვდა. ისინი ადის ამერიკელი
ხოკეისტებისთვის ციგურების და სხვა ატრიბუტიკის შეკერვას აიძულებდნენ.
მისი ცოლი კი, შვილების გამოსაკვებად იძულებული იყო საქონლისთვის მოევლო
და ისე ეშოვნა ფული. ცუდი პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთ წელიწადში
ამერიკელებმა დატოვეს გერმანია, ხოლო რუდი ტყვეობიდან დაბრუნდა.
ძმებმა ოჯახური ბიზნესი ნულიდან დაიწყეს. დაქირავებულ მუშა ხელს ხელფასს
ნატურით უხდიდნენ. მაგრამ ძმებში ერთსულოვნება გაქრა და 1948 წელს, მამის
გარდაცვალების შემდეგ, ძმები გაიყარნენ. ერთი ქარხანა ადის დარჩა მეორე
რუდის. ადიმ თავის ფირმას Addas-ი დაარქვა, ხოლო რუდიმ კი - Ruda.
რამდენიმე თვის შემდეგ Addas-ი გადაიქცა Adidas-ად (აბრევიატურა ადი
დასლერი), ხოლო Ruda - Puma-დ. ასე შეწყვიტა არსებობა იმ დროს მსოფლიოში
ცნობილმა ბრენდმა - Dassler-მა და საფუძველი, ორი მსოფლიო სპორტული
გიგანტის ჩამოყალიბებას ჩაუყარა.
ძმები სიცოცხლის ბოლომდე საიდუმლოდ ინახავდნენ მათი გაყრის მიზეზს.
შესაძლებელია რუდიმ ვერ აპატია ადის ის, რომ არ გამოიყენა ამერიკელ
ოფიცრებთან ნაცნობობა და არ გამოიხსნა თავისი ძმა ტყვეობიდან. მეორე
სავარაუდო მიზეზად იმას ასახელებენ თითქოს ძმებმა მამის მემკვიდრეობა ვერ
გაიყვეს. ასეა თუ ისე, მათ ხმა აღარ გაუციათ ერთმანეთისთვის, ხოლო ’’პუმა
’’ და ’’ადიდასი’’ ერთმანეთის ყველაზე საძულველი კონკურენტები გახდნენ.
უფრო მეტიც, ეს დაპირისპირება დასლერების მშობლიურ ქალაქ გერცოგენაურახსაც
მოედო. კონკურენტი ფირმების თანამშრომლები არ სვამდნენ ერთი და იგივე
დასახელების ლუდს, მათი შვილები კი სხვადასხვა სკოლებში დადიოდნენ.
ადიდასის და პუმას შტაბ-ბინები დღემდე ამ ქალაქში მდებარეობს. დღეს ისეთი
სიძულვილი უკვე აღარ არსებობს, თუმცა როგორც ’’ადიდასის’’ ერთ-ერთი
თანამშრომელი ამბობს: ’’მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ერთმანეთში
ვსაუბრობთ, ისინი ვერასოდეს მიხილავენ მათ წარმოებულ ფეხსაცმელში’’.
შეთანხმება იმის შესახებ, რომ საოჯახო ფაბრიკის სიმბოლიკა ძმებს ცალ-ცალკე
არ გამოეყენებინათ ადი დასლერმა დაარღვია. მან Dassler-ის ემბლემიდან ორი
ზოლი აიღო, მიამატა მესამე და დააპატენტა როგორც ადიდასის ემბლემა.
1949 წელს ადი დასლერი გამოიგონებს პირველ ბუცს რეზინის მოსახსნელი
შიპებით. 1950 წელს უკვე ბუცებს სხვადასხვა კლიმატური პირობებისთვის
(წვიმა, თოვლი), ამასთან ერთად იგი აღადგენს ყველა ძველ კავშირს ოლიმპიურ
კომიტეტებთან და 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაზე სპორტსმენების უმეტესობა
უკვე არა Dassler-ის არამედ Adidas-ის სპორტული ფეხსაცმლით გამოდის.
1972 წელს დაიბადა ადიდასის სახელგანთქმული ემბლემა. მასზე ასახული სამი
ფირფიტა თითქოს აღნიშნავდა სამი კონტინენტის ოლიმპიურ სულისკვეთებას,
თუმცა სინამდვილეში იგი ვერმახტის მუნდირის არწივის ანალოგი იყო
(ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთი სიმბოლო, ფრთაგაშლილი არწივი). ერთი
ფირფიტა არწივის თავს მოგვაგონებდა, ხოლო დანარჩენი ორი - თეთრი რასის
ფრთებს. ამით ადოლფ დასლერი თავის კუმირს ადოლ გიტლერს ბაძავდა.
ამავე ოლიმპიადაზე ადი დასლერს ებადება ახალი იდეა, სპორტსმენებს
ფეხსაცმელთან ერთად შესთავაზოს სხვა სპორტული აქსესუარიც. ამ იდეის
პირველი ხორცშესხმა იყო ადიდასის ჩანთა. სრულიად შემთხვევით ადი
სამკერვალო ფაბრიკის მფლობელ ვილი ზალტენრაიხს გაიცნობს, რომელსაც
დაუკვეთავს 1000 სპორტულ მაისურს, მკლავებზე სამი ზოლით. ზალტენრაიხს
იმდენად მოეწონება დასლერთან თანამშრომლობა რომ მცირე დროის შემდეგ იგი
მხოლოდ ადიდასისთვის კერავს.
1975 წელს ადი დასლერი ხდება პირველი არა ამერიკელი რომელიც მიიღეს ’’ამერიკის სპორტული პროდუქციის ასოციაციის’’ რიგებში.
1978 წელს ადოლფ დასლერი გარდაიცვალა. კომპანიის ხელმძღვანელობა მისმა
მეუღლემ კატარინამ გადაიბარა. იგი ბრწყინვალედ ართმევდა თავს დაკისრებულ
მოვალეობას. 1984 წელს კი ფირმას ადი დასლერის შვილი ხორსტ დასლერი
იბარებს. მან მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა ოლიმპიურ კომიტეტებთან და
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან. ხორსტ დასლერი 51 წლის ასაკში
მოულოდნელად გარდაიცვალა. მისმა დებმა კი სპორტული გიგანტის სათანადოდ
მართვა ვეღარ შესძლეს და 1989 წელს აქციების 80% საფრანგეთის საფეხბურთო
კლუბის ’’მარსელის ოლიმპიკის’’ პრეზიდენტს ბერნარდ ტაპს სულ რაღაც 440
მლნ. გერმანულ მარკად მიჰყიდეს.
1990 წლისთვის ადიდასი კატასტროფულ მდგომარეობაში იყო. ზარალი 100 მილიონ
დოლარს აჭარბებდა. მომძლავრდნენ კონკურენტი ფირმები: ამრიკული ნაიკი და
ბრიტანული რებოკი, რომლებიც უფრო ახალგაზრდები, კრეატიულები და
საინტერესონი იყვნენ. იცვლებოდა მსოფლიო ბაზარი. თუმცა თავად ადიდასის
მარკა იმდენად საინტერესო იყო ხალხისთვის რომ, ასეთი დიდი მემკვიდრეობის
ხარჯზე თავისუფლად შეიძლებოდა რებრენდინგის განხორციელება.
1993 წლიდან ადიდასის ახალმა სპეციალისტებმა, ფირმის ახალი ისტორიის წერა,
კონკურენტი ფირმებიდან (Nike, Reebok) დიდი რაოდენობით, მენეჯერების და
დიზაინერების მალულად გადმობირებით დაიწყეს. რაც მთავარია ახალმა
მენეჯმენტმა პროდუქციის წარმოება გერმანიის ფარგლებს გარეთ გაიტანა.
ინდონეზიაში, ჩინეთში და ტაილანდში, მუშა ხელი იმდენად იაფი იყო, რომ სულ
მცირე ხანში ადიდასის პროდუქცია კონკურენტუნარიანი იყო არა მარტო
გერმანიაში, არამედ მთელს მსოფლიოში.
ადიდასმა უარი თქვა გაყიდვების სხვადასხვა ქსელებზე და დაიწყო საკუთარი
საფირმო ქსელის ჩამოყალიბება, რითაც ხელი შეუშალა მისი პროდუქციით მსოფლიო
ბაზრის გადატვირთვას. 1996 წელს ადიდასი ოლიმპიური თამაშების გენერალურ
სპონსორად მოგვევლინა, ამან მისი გაყიდვები 50%-ით გაზარდა წელიწადში. ეს
მაჩვენებელი დღემდე ზრდის პროცესშია. მთავარი კი ისაა, რომ მათ მოახერხეს
ამერიკის ბაზარზე ფეხის მოკიდება. ამერიკის სპორტული ტანსაცმლის ბაზრის
12%-ის და სპორტული ფეხსაცმლის ბაზრის 10%-ის მფლობელი გერმანული
ადიდასია. ამასთანავე მენეჯმენტი ცდილობდა დროს არ ჩამორჩენოდა და ახალ
სპორტული მიმდინარეობებისთვის ყურადღება არ მოეკლო. ასე მაგალითად Street
ball-ი ევროპაში ადიდასმა ჩამოიტანა. ფირმა პოპულარული იყო არა მარტო
სპორტულ სამყაროში, არამედ მუსიკაშიც. hip-hop-ის და რეპის შემსრულებლები
წარმატებით იმოსებოდნენ ადიდასის საფირმო ტანსაცმლით.
დღეს ’’ადიდასი’’ მსოფლიო ბაზარზე ყველაზე ფართო ასორტიმენტით არის
წარმოდგენილი. დაწყებული კალათბურთის ბოტასებით და საფეხბურთო ბუცებით,
დამთავრებული ტურისტული სპორტული აქსეაუარებით. 1997 წელს ადიდასმა
ფრანგული ფირმა ’’სოლომონი’’ შეიძინა, რომელიც სპორტის ზამთრის
სახეობებისთვის ქმნიდა პროდუქციას. მას შემდეგ კონცერნს ’’სააქციო
საზოგადოება ადიდას-სოლომონი’’ ჰქვია. ამ ნაბიჯმა კომპანია, მსოფლიოში
სიდიდით მეორე სპორტული პროდუქციის მწარმოებელი გახადა ამერიკული ნაიკის
შემდეგ.
პირველად სპორტული ნაწარმების მწარმოებლებს შორის Аdidas-Salomon-ი ხდება
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორი - 1998 წელი
საფრანგეთი.
2000 წელს, ბელგია - ჰოლანდიაში ადიდასი, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის სპოსნორია.
ამავე წელს სიდნეის ოლიმპიადაზე ადიდასი ნამდვილ ოლიმპიურ ბრენდად
მოგვევლინა. 28 სპორტული სახეობიდან, 26-ის ეკიპირება ადიდასმა გაკეთა
(3000-ზე მეტი სპორტსმენი).
2001 წელს კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა ხერბერტ ხაინერი.
2005 წელს ადიდასმა კომპანია Reebok-ი იყიდა. რითიც განიმტკიცა პოზიციები კონკურენტებთან მიმართებაში
Adidas – Salomon AG-ში მუშაობს 14 000 თანამშრომელი. კომპანიის გაყიდვები
შეადგენს 6, 267 მილიარდ ევროს. მოგება - 260 მლნ. ევრო. კონცერნი
აერთიანებს სავაჭრო მარკებს: Adidas, Salomon, Mavic, Bonfire, Arc’Teryx,
Taylor Made და Maxfli. შტაბ-ბინა დღემდე დასლერების მშობლიურ ქალაქ
გერცოგენაურახშია განთავსებული. შტაბ-ბინა ამერიკაში, არეგონის შტატის
ქალაქ პორტლენდშია.
ადიდას მუდმივი კონტრაქტები აკავშირებდა ისეთ ლეგენდალურ სახელებთან,
როგორებიც არიან: მუჰამედ ალი, ჯო ფრეზერი, შტეფი გრაფი, სტეფან ედბერგი,
ლევ იაშინი, მიშელ პლატინი, დევიდ ბექჰემი და ზინედინ ზიდანი
|