ტერმინ გურიის წარმოშობის შესახებ საბოლოო და დაზუსტებული მოსაზრება არ არსებობს. ქართულ მეცნიერებაში არსებობს რამდენიმე ანგარიშგასაწევი აზრი. მაგალითად თედო სახოკიას მოსაზრებით, ტერმინი გურია შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს-კოლხეთის გულს ნიშნავდეს. გეოგრაფიულად ისტორიული კოლხეთი გადაჭიმული იყო ლაზეთიდან დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე, სწორედ მის ცენტრალურ ნაწილშია მოქცეული გურია. მეგრულად გური _ნიშნავს გულს.
ნიკო ბერძენიშვილის მოსაზრებით კი, ისევე როგორც სხვა რეგიონები, მაგალითად, ჰერეთი, რომელითაც სოფელიც იყო და მხარეც, მთაკვერი, რომელიც ციხეც იყო და მხარეც, ასევე გურიაც შესაძლებელია წარმოდგებოდეს რომელიმე დასახლებული პუნქტიდან. ნიკო ბერძენიშვილს ასეთად მიაჩნია სოფელი გურიანთა და ამავე სახელწოდების ციხე.
არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომლის თანახმადაც, გურია უნდა იყოს ის სახელწოდება, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ურარტუს ისტორიულ წყაროებშია მოხსენიებული ქვეყანა კურიანთა. ეს ქვეყანა სწორედ დღევანდელი გურიაა. პირელად ტერმინი გურია ჩვენს ისტორიულ წყაროებში გვხვდება VIII საუკუნეში, მურვან ყრუს შემოსევის დროს. როგორც მემატიანე წერს, `მურვან-ყრუმ გაიარა გზა გურიისა“.
|